შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, შრომის
კოდექსში კაბალური მუხლი იყო ჩადებული, რომელიც დასაქმებულის უფლებებს არღვევდა და დამსაქმებელს უფლებას აძლევდა, ყოველგვარი არგუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე ხელშეკრულება შეეწყვიტა, რაც თავის მხრივ, ათასობით ადამიანის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნას იწვევდა.
"მთვარი ცვლილება, რაც უნდა განხორციელდეს, ეხება სამუშაოდან დათხოვის პირობებს. ახლანდელი მიდგომა არის სრულიად განსხვავებული. ძალიან მკაცრი და მკაფიო გარემოებები უნდა იყოს ჩამოთვლილი და ჩამოყალიბებული მაშინ, თუკი დამსაქმებელი გადაწყვეტს, შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება პირს და ეს არის ძალიან ნათლად განსაზღვრული წარმოდგენილ კანონში. ეს იყო ის მოთხოვნა, რასაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, რასაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, პროფკავშირები აყენებდა ჩვენს წინაშე, ვინაიდან წლების განმავლობაში ძალიან სერიოზულად იყო დასაქმებულთა უფლებები შელახული და ამიტომ მოხდება მიდგომების ცვლილება ამ მიმართულებით", - აღნიშნა კობახიძემ.
კანონპროექტით რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითები. კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობასა და დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრების გამო.