საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიასთან ითანამშრომლოს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
"თუ შეიქმნება საპარლამენტო კომისია და ამ პარლამენტს უნდა, რომ კითხები დასვას, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე და ამ კითხვებს პასუხი გავცე. საპარლამენტო პროცესი არის სულ სხვა პროცესია, ამას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. როგორც კი შედიხარ სისხლის სამართლებრივ სფეროში, აქ უკვე სულ სხვაა. მთავრობას ქრონიკულად დასჩემდა, რომ მხოლოდ წარსულზე ლაპარაკი შეუძლია. ანუ შევარდნაძის დროს სამართლიანობა იყო, მერე დაირღვა და ახლა უნდა აღდგეს. მე არც მიკვირს, რადგან შევარდნაძისდროინდელი ბევრი ადამიანი არის თანამდებობებზე. მაგრამ მოდით, ვილაპარაკოთ მომავალზე, ვილაპარაკოთ, როგორ შეიძლება, მოვიგოთ ეს დიპლომატიური ომი. პირდაპირ მოსკოვის მოწდებაა, გაასამართლეთ სააკაშვილი, შეცვალეთ ოკუპაციის კანონი და ა.შ. ქართველი ოფიციალური პირის მიერ მიცემული ჩვენებაა, რომ ჩვენ ვამზადებდით ტერორისტებს, ეს ტყუილია და მართალიც რომ იყოს, ენა უნდა ამოიდგა და ამაზე ილაპარაკო? ამ ყველა სიტუაციაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან ფრთხილად", - განაცხადა პრეზიდენტმა.