სახალხო დამცველის ინფორმაციით, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირებზე საქართველოს შსს-ს მიერ გაცემული იყო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, მართვის მოწმობა და შსს-ს მიერ რეგისტრირებული სხვა დოკუმენტები, - ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში, მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელიც ლაფანყურის ოპერაციას ეხება და აღნიშნა, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყებს. სახალხო დამცველმა აღნიშნულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უშუალოდ დეპუტატების წინაშეც დასვა.
"ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თუ როგორ მოხდა სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ჩეჩენ მებრძოლებზე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, მართვის მოწმობის და შსს-ს მიერ რეგისტრირებული სხვა დოკუმენტების გაცემა. როგორ და რა გარემოებების გამო მოხდა სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები გლდანის ციხის ტერიტორიაზე. მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ასეთი კომისიის შექმნის შემთხვევაში, მასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს ჩეჩნური თემის არაერთი ლიდერი, უცხოეთში მცხოვრები ჩეჩნები, რომელთაც ამ სპეცოპერაციასთან კავშირი ჰქონდათ", - აღნიშნა ნანუაშვილმა.
გარდა ამისა, მან მთავარ პროკურატურას მიმართა, გამოიძიოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებით უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესაძლო ფაქტი, რასაც, მისივე თქმით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და კონფიდენციალური წყაროები ადასტურებენ. ნანუაშვილი იმასაც აცხადებს, რომ გამოსაძიებელია სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები.