ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ციხისძირში სამხედროებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი ინცინდენტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებას, რომელიც ეპარქიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა, "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მწუხარებას გამოვთქვამთ 14 აპრილს, ციხისძირსა და ქობულეთში მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რამდენიმე სამხედრო პირმა, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას. არიან დაშავებულები. სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ, თავად ხდებიან მსგავსი ინციდენტის მიზეზი. შეშფოთებას გამოვთქვამთ, ბოლო პერიოდში რელიგიურ ნიადაგზე გახშირებული დაპირისპირების გამო, რაც, ჩვენი აზრით, ინსპირირებულია ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა მიერ. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ექსცესები აღარ განმეორდება, რადგან რელიგიურ დაპირისპირება გამოიწვევს ქვეყანაში უმართავ პროცესებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს საფრთხეს შეუქმნის", - აღნიშნულია განცხადებაში.
14 აპრილს, გვიან ღამით სოფელ ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ინცინდენტი მოხდა. როგორც ციხისძირში მცხოვრები ლევან მესხიძე იხსენებს, მეუღლესთან ერთად მანქანით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს. როგორც მესხიძე ამბობს, სამხედროებს აინტერესებდათ, მას და მის მეუღლეს ჯვარი თუ ჰქონდათ. მესხიძის თქმით, სამხედროები დაემუქრნენ, თუ ქრისტიანი არ იყო, შუბლს გაუხვრეტდნენ.
ინციდენტის შესახებ სოფელ ციხისძირის სხვა მცხოვრებლებიც საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სამი გასროლის ხმა გაიგეს. ამასთან, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სამხედროებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა შვიდ ადგილობრივს მიაყენეს.
ამასთან, ციხისძირში მომხდარის გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი და რამდენიმე სამხედრო პირი სამსახურიდან დაითხოვა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა "სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინეს", რის გამოც, ინციდენტში მონაწილე სამი სამხედრო პოლიციელი და სენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს".