მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი 16 წლის დიანა დიდებაშვილის ოჯახი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დიანა დიდებაშვილის მამამთილმა, ანზორ პაპკიაურმა განუცხადა, დასკვნაში წერია, რომ 16 წლის გოგონა სისხლის ნაკლებობითა და ტრომბით გარდაიცვალა. ოჯახის წევრის თქმით, რეალურად, დიანა დიდებაშვილი ექიმების უყურადღებობით დაიღუპა.
ოჯახი დასკვნის გასაჩივრებას აპირებს და იურიდიული პროცედურებისთვის ადვოკატით დახმარებას ითხოვს.
"ინტერპრესნიუსმა" დუშეთში მომხდარი შემთხვევა პირველ თებერვალს გააშუქა.
სააგენტოსთან საუბარში გარდაცვლილის ოჯახი დუშეთის საავადმყოფოს გინეკოლოგ ირმა მაკალათიას ადანაშაულებდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაღუპულის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მაშინ განუცხადეს, ირმა მაკალათიამ ახლადნამშობიარებ ქალს ყურადღება არ მიაქცია.
"ინტერპრესნიუსი" პირველ თებერვალს ექიმსაც დაუკავშირდა. ირმა მაკალათიამ ბრალდება უარყო. მისი თქმით, დიანა დიდებაშვილს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა გამწვავდა, სამედიცინო პერსონალი შევიკრიბეთ. მიზეზები რომ ვერ გავიგეთ, გადავწყვიტეთ, რომ უფრო მაღალი დონის კლინიკაში გადაგვეყვანა. დიანა დიდებაშვილმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა და მეორე დღეს იყო ნორმალურ მდგომარეობაში, თუმცა საშიში სიმპტომები სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. როდესაც დიაგნოსტიკას ვეღარ ვახერხებდით, გადავიყვანეთ მცხეთის საავადმყოფოში, სადაც მე პირადად გავყევი. პაციენტს გადაყვანის პროცესში გონება არ დაუკარგავს", - აღნიშნა ირმა მაკალათიამ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობდა თუმცა, როგორც გარდაცვლილის მამამთილი აცხადებს, ოჯახს გამოძიების შედეგები ამ დრომდე არ გაცნობია.
დიანა დიდებაშვილი დუშეთში იმშობიარა, ჯანმრთელობის გაურსების გამო მცხეთაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
დიანა დიდებაშვილის შვილის ჯანმრთელობა ნორმალურია.