"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორ თეა თუთბერიძეს აინტერესებს, გაწირეს თუ არა "ნაციონალებმა" შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თუთბერიძემ განუცხადა, ბაჩო ბახალაია ამდენი ხანია, დაკავებულია და ვანო მერაბიშვილის მხრიდან არ გაკეთებულა არც ერთი განცხადება, როდესაც მისი მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი მინისტრია დღეს ციხეში.
თუთბერიძის თქმით, ასევე, გაუგებარია, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერების მხრიდან რატომ არ კეთდება განცხადებები ბაჩო ახალაიას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ასევე გაუგებარია, რატომ აძლევენ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებებს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილეები შალვა ჯანაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი ზურაბ არსოშვილი.
"ბევრი რამეა გაუგებარი. კითხვები ჩნდება ჩვეულებრივ მოქალაქეებში. მათ შორის, მეც მეკითხვებიან სასამართლო პროცესებზე, თუ რატომ არ დადიან სასამართლოში "ნაციონალური მორაობის" ლიდერები, რატომ არ მოდის იგივე ვანო მერაბიშვილი, რატომ არ გააკეთა განცხადება. ძალიან ბევრ კითხვას მისვამენ მე პირადად და მეც ვერ ვცემ მათ ამაზე პასუხს, ანუ გამოვიდა, რომ გაწირეს ეს ადამიანი, თუ კიდე რამე სხვა არის ამ ყველაფრის უკან", - აღნიშნა თუთბერიძემ.
რაც შეეხება იმას, თავად ბაჩო ახალაიას თუ აქვს კითხვები ვანო მერაბიშვილთან და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებმა, მისი თქმით, ამ საკითხზე ყოფილ მინისტრთან ჯერ არ უსაუბრია.
ამასთან, თეა თუთბერიძე სოციალური ქსელით დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, ეს განცხადება დათა ახალაიას არ ეკუთვნის.
"მე ვესაუბრე იმ ადამიანებს, რომელბსაც დათასთან პირდაპირი კავშირი აქვთ და ისინი ამას არ ადასტურებენ. თუმცა მე ვერ გეტყვით, რაზეც განცხადებაშია საუბარი ეს სიმართლეა თუ სიცრუე და რა დგას ამ ყველაფრის უკან", - განაცხადა თეა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, თუ ეს სიმართლეა ამის შესახებ ინფორმაცია ალბათ შესაბამისი სამინისტროს სპეც-სამსახურებს ექნებათ და სრულიად შესაძლებელია ეს მათი მხრიდან იყოს 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით იყოს გავრცელებული, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებში დაბნეულობა შეიტანონ.