17-19 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი, ოფიციალური მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ლატვიას ეწვევა. იგი რიგაში გამართულ „ევროკავშირის საგანგებო სიტუაციაციების სამსახურების კონფერენცია 2013“ -ს დაესწრება.
ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ისე გადაუდებელი დახმარების სფეროს წარმომადგენლები, საჯარო პირები და კერძო სექტორის
წარმომადგენლები.
"ევროკავშირის საგანგებო სიტუაციაციების სამსახურების კონფერენცია 2013“ ეძღვნება ინოვაციური მეთოდების დანერგვის თემას. სემინარის ძირითადი საკითხები იქნება ეროვნული 112-ის სისტემები, რეგულაციები, ქოლ ცენტრების მართვა და ტექნიკური საკითხები, ქოლ ცენტრების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, NG112 (Next Generation 112), სოციალური მედიის როლი გადაუდებელი სიტუაციების მართვის დროს და სფეროს სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.
კონფერენციას დაეწრება 30 ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი: - გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები, სატელეკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლები და უახლესი ტექნოლოგიების
მომწოდებლები.
ვიზიტის ფარგლებში 112-ის დირექტორი პირადად დაათვალიერებს გადაუდებელი დახმარების ქოლ ცენტრებს და ევროპელი კოლეგებისგან მიიღებს ერთიანი გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას. ასევე, დაათვალიერებს გამოფენას, სადაც შესაძლებლობა ექნება გაეცნოს უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში.
ღონისძიების მიზანია, ევროპის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარება.
გიორგი ბიჭაშვილი დაესწრება 112-ის დაჯილდოების ცერემონიას, სადაც კონკრეტულ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ერთიანი ევროპული ნომრის - 112-ის მომსახურების გაუმჯობესებისა და ცნობადობის გაზრდაზე, სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.