საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ერთი წლის ბავშვის გარდაცვალებას ახლობლების დაუდევრობას უკავშირებს. როგორც ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოში არ არის დღეს ისეთი სიტუაცია, რომ პატარა ბავშვი შიმშილით გარდაიცვალოს.
"მეც ძალიან განვიცადე ბავშვის გარდაცვალება. მახსოვს პატრიარქმა და მე მეორე დღეს გამართულ შეხვედრაზე ამას ძალიან დიდი დრო დავუთმეთ და ძალიან განვიცდიდით. შემთხვევა ბოლომდე არ გამომირკვევია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ ახლობლების დაუდევრობასთან უფრო გქვონდა საქმე. ეს არ არის ისეთი სიტუაცია, რომ შიმშილით გარდაიცვალოს ბავშვი. მსგავსი შემთხვევა შესაძლებელია და ალბათ ხდება კიდეც ევროპულ სახელმწიფოშიც. გასაგებია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ არ არსებობს საქართველოში ისეთი სიტუაცია, რომ ბავშვი შიმშილით გარდაიცვალოს. უნდა არსებობდეს რაღაც სისტემა, რომ არ მოხდეს მსგავსი რამ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ერთი წლის გოგიტა აბაშიძე შიმშილით გამოწვეული დაავადებებით დაახლოებით 1 თვის წინ გარდაიცავალა.