ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კბილაშვილთან საუბარი მქონდა და ეს პროცესი დაწყებულია"

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან საუბარი ჰქონდა და ეს პროცესი დაწყებულია.

ამის შესახებ ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ძირითადი ნაწილი სამართლიანობის აღდგენის განხორციელდა, რამეთუ დღეს თქვენ არ გაქვთ მაგალითები, რომ საზოგადოებაზე ხორციელდება ძალადობა, რაც იყო წინა რეჟიმის ცხოვრების წესი. მეორე ნაწილია ამ სამართლიანობის აღდგენის, რომ უნდა დაისაჯონ არქიტექტორები ძალადობის სისტემის. რაც შეეხება კონკრეტულად პროკურატურას და სასამართლოს, პროცესი მიმდინარეობს და დიდი იმეიდ მაქვს, უახლოეს პერიოდში, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი და ჩვენ მოვახერხებთ, გავაგრძელოთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი. რაც შეეხება პროკურატურას, კითხვები მეც ბევრი მაქვს, ისევე როგორც თქვენ. ძალიან ბევრი თანამშრომელია პროკურატურაში დღეს, რომელიც წინა ხელისუფლებაშიც იყო. ანეკდოტურიცაა, რომ რამდენიმე საქმეზე მითხრეს, რომ იგივე პროკურორი იძიებს, ვინც წინა ხელისუფლების პირობებში. პოლიციაშიც ბევრია კითხვები. პროკურატურას სჭირდება აუცილებლად კვალიფიციური პროკურორი, თუ პოლიციაში შეიძლება, ნებისმიერი მოქალაქე მიიყვანო და დაასაქმო. შესაბამისად, შეუძლებლად მიმაჩნია დღესაც, რომ მასობრივად შეგვეცვალა პროკურატურის თანამშრომლები. მე კბილაშვილთან მქონდა საუბარი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, იქ პროცესი დაწყებულია და ახალი კადრების მიღება დაწყებულია. ეტაპობრივად, ნელ-ნელა მოხდება ჩანაცვლება. მე მოგთხოვდით მოთმინებას. პოლიციაში ძალიან ბევრი ცვლილებები განხორციელდა და მეორე ეტაპიც კი მიდის", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანში განხორციელდება ცვლილებები, მაგრამ არა ისე, ყველა თანამშრომელი, ვინც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა, გათავისუფლდეს.

"მე მგონია, რომ მოხდება გადაადგილებები და შესაძლოა, რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებებიც მოხდეს. მოთმინებით დაელოდეთ. მიმართულება არის ძალიან გულწრფელი. მე ვფიქრობ, როგორც კბილაშვილი, ისე ღარიბაშვილი ძალიან კარგი კადრია. მათაც გამოცდილება არ ჰქონდათ, ესეც უნდა გაითვალისწინოთ. რაც შეიძლებოდა გავაკეთეთ, მაგრამ ალბათ, უკეთესიც შეიძლებოდა", - დასძინა ივანიშვილმა.