თვითმართველობაში შექმნილ პრობლემებზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლოა მიმდინარე კვირას შეხვდნენ.
ამის შესახებ დღეს "რადიო პირველის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილმა განაცხადა. იონათამიშვილმა თბილისის საკრებულოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის წევრებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე და საკრებულოს თავჯდომარის პოსტზე ზაალ სამადაშვილის ხელახალ კენჭისყრასთან დაკავშირებით.
"გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა საკრებულოს თავჯდომარის პოსტის დასაკავებლად. ნაძალადევის რაიონის 30-მდე პარტიული აქტივისტი ფინანსურ პოლიციასა და სხვა საგამოძოებო ორგანოებში არიან დაბარებული. პოლიტიკური ბრძოლა იღებს ისეთ უზნეო და სამარცხვინო ფორმებს, რომლის წარმოდგენა არც შემეძლო. ეს არის ნაციონალური მოძრაობის წევრების მოსყიდვის მცდელობები, დაშანტაჟება და სხვა ხერხები. პოლიტიკურ პარტიებთან ერთად სამართალდამცავები უნისონში მოქმედებენ, საკრებულოს წევრებს სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოებში იბარებენ. ჩვენი ფრაქციიდან წასულ წევრებს არც ერთს არ ჰქონდა პოლიტიკური არგუმენტები, მათგან ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ სასაცილო არგუმენტები, რომ სურთ ხალხს თვალებში ჩახედონ და ა.შ.", - აღნიშნა კოკი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ორი კვირაა გასული რაც საკრებულოს თავმჯდომარემ წერილობით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და შეხვედრა ითხოვა. როგორც კოკი იონათამიშვილისათვის არის ცნობილი დავით უსუფაშვილმა ზეპირი დასტური მისცა, რომ შეხვდება უმრავლესობის წევრებს, თუმცა ჯერჯერობით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რაიმე ნაბიჯი გადადგმული არ არის.
კოკი იონათამიშვილმა კიდევ ერთხელ ახსნა თუ რატომ დადგა ზაალ სამადაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე და დასძინა, რომ მათ ფსიქოლოგიური ზეწოლისაგან საკუთარი ფრაქციის წევრები დაიცვეს.
იონათამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზაალ სამადაშვილის გადადგომის საკითხის დაყენება ბიუროზე სამართლებრივად გამართლებულია და პროცედურების დაცვით მოხდა.