საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში უმრავლესობის დიდმა ნაწილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მხარი დაუჭიროს.
ამის შესახებ გოგი თოფაძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერის დღევანდელი განცხადების დაკომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც თუ "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს თუ არ დაუჭერს, თავს გაინადგურებს.
თოფაძის განცხადებით, ყველამ კარგად ნახა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა.
"რაც არ უნდა იხმაუროს ჩვენმა ჭკუიდან გადასულმა პრეზიდენტმა, ჩვენს საკონსტიტუციო ცვლილებებს მაინც მივიღებთ. პარლამენტში 100 კაციც გვყავს და მეტიც", - განაცხადა გოგი თოფაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არაადეკვატურად იქცევა, პრემიერს შეხვედრაზე სულ სხვა თემაზე ელაპარაკება, გარეთ გამოსული კი, საერთოდ სხვა თემებზე საუბრობს.
თოფაძემ დღეს ასევე ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის ტყუილი ბაქიბუქი.
"რაც არ უნდა იხმაუროს "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაინც ვერაფერს გააკეთებს", - აცხადებს გოგი თოფაძე.