"ნაციონალური მოძრაობის" განადგურება ჩემი სურვილი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ახლა დგება პროცესი, როცა "ნაციონალურ მოძრაობას" თავად მისი ლიდერი და წევრები ანადგურებენ.
"ბოლო პერიოდში სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ახალ მთავრობას ბრალს სდებს სწორედ იმაში, რაშიც მოსახლეობა მას ედავებოდა. ამ ყველაფერთან ერთად კი მაბრალებს, რომ მათი განადგურება მინდა. ჩემი სურვილი არ არის "ნაციონალური მოძრაობის" გადადგურება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეუძლიათ გაანადგურონ "ნაციონალური მოძრაობა". სწორედ ეს პროცესი დგება", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" სააკაშვილის დღევანდელი პოლიტიკა ანადგურებს.
"სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი პოლიტიკით დღეს თვითონვე ანადგურებს. დღევანდელი პოზიციით ებრძვის ის, როგორც მის პარტიას, ისე თავის თავს. იგივე წევრები – გოკა გაბაშვილს შეუძლია დააზიანოს მხოლოდ გოკა გაბაშვილი და გაუფუჭოს მომავალი. მე არაფერში მჭირდება გოკა გაბაშვილს ხმა და არც უმრავლესობას, მათ მხოლოდ საკუთარი იმიჯი შეუძლიათ გარკვეულწილად გაიუმჯობესონ ან გაიუარესონ", - დასძინა პრემიერმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისთვის საჭირო ხმების "ზეწოლის შედეგად შეგროვების" თაობაზე ოპონენტების ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავითარ ხმებს არ აგროვებს.
"მე არავითარ ხმებს არ ვაგროვებ. არანაირი საჭიროება არ გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები მოვაგროვოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.