თუ თქვენ გაქვთ ფაქტები, სადაც ეკა ბესელია ამბობს, რომ მე მას ფოთი ჩავაბარე, ის პარტიიდან გაირიცხება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" , რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ადგილობრივმა ჟურნალისტმა ივანიშვილთან შეხვედრაზე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას "შეუზღუდავ ძალაუფლებაზე" და "მისი რეკომენდაციით დანიშნული ხალხის შესახებ" ისაუბრა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ფოთში ყველაფერს ბესელია აკონტროლებს, მისი რეკომენდაციით ინიშნებიან თანამდებობებზე ადამიანები და ამას არც თავად დეპუტატი უარყოფს, ერევა ასევე საბიუჯეტო პროცესებში.
ივანიშვილმა კი ჟურნალისტს მიმართა, რომ თუ კი მას აქვს ფაქტი, რომელიც ბესელიას განცხადებას დაადასტურებს ფოთის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ის პარტიიდან და გუნდიდან გაირიცხება.
"თუ თქვენ ფაქტები გაქვთ, სადაც ბესელია აბობს, რომ მას ჩააბარეს ფოთი, ეს საკმარისი იქნება და პარტიიდან გაირიცხება. თუ თქვენ გაქვთ ფაქტი, რომ ბესელია აცხადებს, რომ ივანიშვილმა მას ფოთი ჩააბარა, გარწმუნებთ, რომ ის გუნდიდად გაირიცხება. როგორ შეიძლება ეს? ეს ამაზრზენია, როგორ შეიძლება, მე თავს უფლება მივცე, ბესელიას ეს ვუთხრა და მან ეს თქვას. ეს წარმოუდგენელია. თუ თქვენ გაქვთ ფაქტები, მე აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას როგორც ლიდერი, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, არც ფოთი და არც საქართველო მისი საკუთრება არ არის და ამის თქმა წარმოუდგენელია.
"ჩემი არ არის ფოთი და არც საქართველო. როგორ ვიკადრებ ამის თქმას, ფოთი მე არ მეკუთვნის", - აღნიშნა პრემიერმა.
ამის შემდეგ კი ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტი არ აქვს, რადგან ბესელიამ ამასთან დაკავშირებით პირად საუბარში თქვა.