სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ხასია თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ხასიამ არ დაადასტურა რუსთავის ქალთა #5 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის შესახებ.
"მე აღარ ვმუშაობ სისტემაში, ორი დღის წინ საგანგებო სიტუაცია არ გამომიცხადებია, რადგან ამას ბრძანება სჭირდება. არანაირი ნარკოტიკული ნივთიერების შეტანის ფაქტი არ დაფიქსირებულა. არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ხასიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (სად) ხელმძღვანელის თანამდებობიდან მაია ხასიას გათავისუფლება, სავარაუდოდ, ქალთა #5 დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა.
მისივე ცნობით, დაწესებულებაში საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული და უსაფრთხოების სამსახურმა მთლიანად დაწესებულება შეამოწმა. შემოწმების შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხასია თანამდებობიდან მიდის. არ არის გამორიცხული, სად-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა სწორედ ქალთა ციხეში მომხდარს უკავშირდებოდეს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, მაია ხასიას და ქალთა #5-ე დაწესებულების ადმინისტრაციაში მუშაობს.