საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" "ევროპის სახალხო პარტია", როგორც დასაყრდენი, ნელ-ნელა ეცლება.
როგორც ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, "ევროპის სახალხო პარტიაში" "ნაციონალური მოძრაობის" რეალური სახე მხოლოდ რამდენიმე დეპუტატმა ვერ დაინახა.
"სახალხო პარტიაშიც", რითაც "ნაციონალური მოძრაობა" სარგებლობს ამ ბოლო დროს, ბევრი სამუშო ჩავატარეთ ლიდერებთან, ცნობილ პირებთან და დარჩა მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც არიან საყრდენი სააკაშვილის. იქაც გავაგზავნეთ მათი წერილის საპასუხო წერილი და მე მგონი, მალე, მათ ეს ბასტიონიც დაერღვევათ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერის აზრით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" კონსტიტუციაში პრეზიდენტის ფართო უფლებამოსილებების შენარჩუნების პოზიციაზე დარჩება, მის თავის რიგებში მიღებას არც ერთი ევროპული პარტია აღარ მოინდომებს.
"მე ვფიქრობ, ისინი ვეღარ მოახერხებენ განაცხადონ, რომ მათ ეს კანონი ისევ უნდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ერთ ევროპულ პარტიაში ადგილს ვეღარ დაიკავებენ", - დასძინა ივანიშვილმა.