სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ესწრება. როგორც მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ეს სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრებთან უკვე მესამე შეხვედრაა. ამჯერად, მისი თქმით, შეხვედრა სამოქალაქო სამართლის საკითხებს მიეძღვნება. კუბლაშვილის განმარტებით, თანამშრომლობის ჯგუფის საქმიანობის მიზანია, სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფა.
ამასთან, კუბლაშვილის ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია ორშაბათს, 18 მარტს, სადაც საუბარი შეეხება საგადასახადო დავებს. შემდეგი შეხვედრა კი დაგეგმილია 20 მარტს, სადაც განიხილება სისხლის სამართლის საქმეებში აღმკვეთი ღონისძიებები. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, 20 მარტს დაგეგმილ შეხვედრას პროკურორები, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მას ესწრებიან სამეცნიერო წრეების, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს მოსამართლეთა კორპუსისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიების გამართვა.