საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მორიგი შეხვედრები გამართა.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დენიელ იოჰანესთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი იმ პროექტებს შეეხო, რომლის განხორციელებასაც ორგანიზაცია საქართველოში გეგმავს. როგორც აღინიშნა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია განათლების სფეროში 150 მილიონ დოლარამდე დახარჯვას აპირებს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, განათლების სფერო ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და კარგია, რომ წინა ხელისუფლებამაც სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო კორპორაციასთან მოლაპარაკებები.
პარლამენტის თავმჯდომარე თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სულივანს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნის უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა პენტაგონშიც, თავდაცვის დეპარტამენტში, სადაც საუბრის მთავარი თემები თავდაცვა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობა იყო.
დავით უსუფაშვილმა მორიგი შეხვედრები გამართა კონგრესშიც. იგი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან თედო ჯაფარიძესთან და ირაკლი ჩიქოვანთან ერთად კონგრესმენებს უილიამ კეითინგს, მაიკ ტერნერს და წარმომადგენლობით პალატაში უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსის შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამართულ მრგვალ მაგიდაში, რომელსაც საგარეო პოლიტიკით დაინტერესებული ექსპერტები ესწრებოდნენ.
ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მერილენდში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია, სადაც მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსს ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის დროს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები გადიან. დავით უსუფაშვილმა სერჟანტ ჯონი თოფურიას დაბადების დღე მიულოცა.