საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც პრემიერმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, არჩევნების პროცესში რეგიონულმა მედიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.
"რეგიონულმა მედიამ შეასრულა გადაწყვეტი როლი არჩევნების პროცესში და არა - ცენტრალურმა. ჩვენ ჩავერთეთ იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მედიასაშუალებას ციფრული მაუწყებლობის საშუალება ჰქონდეს, თანაც ფასი იყოს იმის მესამედი, ვიდრე მაუწყებლობა ახლა გიჯდებათ. წინა მთავრობას ამ პროგრამის განხორციელების ვალდებულება 2015 წლამდე ჰქონდა, თუმცა ამ მიმართულებით არაფერი ჰქონდა გაკეთებული", - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პრემიერთან დღევანდელ შეხვედრას რეგიონული მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ჟურნალისტები შეხვედრის წინ ამბობდნენ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მსგავსი სახის შეხვედრები არ იმართებოდა, შესაბამისად ისინი დღევანდელ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მოხარული არიან, რომ მათ კითხვებს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უპასუხებს.
როგორც კახეთის საინფორმაციაო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი ასევე შეხვედრის წინ აცხადებდა, მას შეკითხვები აქვს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც რეგიონში საპარლამენტო არჩვენების შემდეგ დაფიქსირდა.
ტელეკომპანია "მეგა ტვ"-ის წარმომადგენელი ნინო ჩიტიშვილი კი აცხადებს, რომ რეგიონულ მედიასთან დაკავშირებით ახალი ხელსიუფლების გეგმები აინტერესებს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის და პრემიერს დაუსვამს კითხვას როგორ შეიძლება დაუჭიროს მხარი ახალმა ხელისუფლებამ რეგიონულ ტელეკომპანიებს.
ქვემო ქართლის ტელევიზიის ჟურნალისტ გიორგი ჩომახაშვილს კი რუსთავში შეჩერებული პროექტების ბედი აინტერესებს. მისი ინფორმაციით, პრემიერს დაუსვამს კითხვას, რა მიზეზებით შეჩერდა რუსთავში ცალკეული პროექტები.
შეხვედრაზე ცენტრალური მედიის ჟურნალისტები არ დაიშვებიან.