მაია ხასიას თანამდებობიდან გათავისუფლება, სავარაუდოდ, ქალთა დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება

მაია ხასიას თანამდებობიდან გათავისუფლება, სავარაუდოდ, ქალთა დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (სად) ხელმძღვანელის თანამდებობიდან მაია ხასიას გათავისუფლება, სავარაუდოდ, ქალთა #5 დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა.

მისივე ცნობით, დაწესებულებაში საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული და უსაფრთხოების სამსახურმა მთლიანად დაწესებულება შეამოწმა.

შემოწმების შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხასია თანამდებობიდან მიდის. არ არის გამორიცხული, სად-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა სწორედ ქალთა ციხეში მომხდარს უკავშირდებოდეს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მაია ხასიას და ქალთა #5-ე დაწესებულების ადმინისტრაციაში მუშაობს.  "ინტერპრესნიუსი" სასჯელაღსრულების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა სამინისტრო ჯერ კომენტარს არ აკეთებს. 

ამასთან, დასახელდა ის კონკრეტული მიზეზიც, რის გამოც ქალთა დაწესებულებაში უსაფრთხოების სამსახური შევიდა, თუმცა ფაქტის ოფიციალურ დადასტურებამდე "ინტერპრესნიუსი" მისი გახმაურებისგან თავს იკავებს.