თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსს კახა ჩიხრაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეუჩერდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განუცხადა.
მისი თქმით, დღის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმდება დროებითი მმართველობითი საბჭოს წევრთა ვინაობა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ვითარების შესწავლას დაიწყებენ.
ქაცარავას ინფორმაციით, მმართველობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში კახა ჩიხრაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეუჩერდება.
"ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას და საკრებულოს კახა ჩიხრაძის მიმართ დიდი ნდობა გააჩნიათ. ის საუკეთესო სპეციალისტია. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შექმნილი ვითარების გამო ის დროებით ჩამოსცილდება დაკისრებულ ფუნქციებს და როდესაც მმართველობითი საბჭო დაასრულებს მუშაობას, ის კვლავ დაუბრუნდება სამსახურს",- განაცხადა მამუკა ქაცარავამ.
მისივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ყოფილმა ექიმებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს და თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას სამართლებრივი გზით შეეცდებიან.
როგორც მამუკა ქაცარავა აცხადებს, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი მოწინავე უნდა იყოს და მოსახლეობას ნაკლები პრეტენზიები უნდა ჰქონდეს სამსახურის მიმართ.
"მალე განახლდება საავტომობილო პარკი, ექიმების ეკიპირება და დასრულდება სარემონტო სამუშაოები. ჩვენი მიზანია სასწრაფო-სამედიცინო დამხარების სრულყოფა",-განაცხადა მამუკა ქაცარავამ.