ჯანდაცვის სამინისტრომ ომბუდსმენის რეკომენდაცია გაითვალისწინა

ჯანდაცვის სამინისტრომ ომბუდსმენის რეკომენდაცია გაითვალისწინა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაითვალისწინა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, პაციენტ რ.ბ.-ს სამედიცინო მომსახურებას, რაშიც მათი რეკომენდაცია მდგომარეობდა, სახელმწიფო დააფინანსებს.

"2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა მოქალაქე ი. ბ.–მ მისი დის, რ. ბ.–ს სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასთან დაკავშირებით. მოქალაქე რ. ბ. არის პედაგოგი და სარგებლობდა საჯარო სკოლის პედაგოგებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით. საჯარო სკოლის მიერ მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მისი დაზღვევის ვადა ამოიწურა 2013 წლის 1-ელ იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით რ.ბ.–ს ხელშეკრულება კვლავ აღუდგინეს, ხელშეკრულების შეწყვეტამ გამოიწვია მოქალაქის სადაზღვევო პერიოდის შეჩერება. 2012 წლის დეკემბრიდან იგი მოთავსებული იყო ერთ–ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. რ. ბ-ს სადაზღვევო ლიმიტი ამოიწურა სწორედ სადაზღვევო პერიოდის წყვეტის გამო, ხოლო მკურნალობის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა მისი და მისი ნათესავების ფინანსურ შესაძლებლობებს. საქართველოს სახალხო დამცველმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რ. ბ.–ს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის დასაფინანსებლად. საქართველოს სახალხო დამცველის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოქალაქის მკურნალობის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.