საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა.
შსს-ს ინფორმაციით, 14-15 მარტს დაგეგმილია მინისტრის ვიზიტი საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ალექსანდრე არაყიშვილი და შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი თამარ ტალიაშვილი.
სამინისტროს ინფორმაციით, 14 მარტს გაიმართება შეხვედრა ინტერპოლის გენერალურ მდივან რონალდ ნობელთან. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს მიერ "ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტების" (პასპორტი და პირადობის მოწმობა) აღიარების შესახებ.
"ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტიდ" მფლობელებს, ინტერპოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, საზღვრის კვეთის დროს, მიენიჭებათ სპეციალური ვიზის სტატუსი (უვიზო რეჟიმი, დაჩქარებული ვიზა ან სხვა სახის სპეციალური ვიზა).
აღნიშნულის გარდა, დაგეგმილია ინტერპოლის გენერალური სამდივნოს სტრუქტურაში შემავალ სხვადასხვა ქვედანაყოფებთან შეხვედრა, რაც სამინისტროს შეფასებით, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომავალი სამოქმედო პრიორიტეტების დაგეგმვას.