ავადმყოფობა ცოდვიდან იწყება, - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში უძლურთა და ავადმყოფთათვის მიმდინარე პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას ბრძანა .
პარაკლისს ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ასრულებს. პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ადამიანის ბუნების შეცნობაზე ისაუბრა.
"ადამიანის წინაშე მრავალი საკითხი პრობლემად დგას. ადამიანი ცდილობს თავისი ძალით, თავისი გონებით გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სწავლობს ადამიანი და ვერ დასძლია, არის თვითონ ადამიანი. ვინ არის ადამიანი?! ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად და მსგავსად. ხატება ღვთისა არის უდიდესი ჯილდო, რომელიც უფალმა ადამიანს მიმადლა, მაგრამ ადამიანმა ბოლომდე ვერ გაიგო, თუ ასეთი ღირსებით დაჯილდოვდა, რატომ დაეცა, რატომ დაკარგა სამოთხე. ყველაზე რთული საკითხია შეცნობა საკუთარი თავის. ჩვენ უფრო ხშირად ვსჯით სხვებს, რა არის მასში კეთილი თუ ბოროტი, ვიდრე ჩვენს საკუთარ თავში", – აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ მსოფლიოში მრავალი სასწავლებელია, მაგრამ ადამიანის შესახებ არ არის. მისი თქმით, ადამიანი ისეთი რთული ბუნებისაა, რომ იგი ვერავინ შეიცნო, ვერც მეცნიერებმა, ვერც ექიმებმა. "ვიცით მხოლოდ ერთი რამ, რომ ადამიანი ქვეყნიერებას მხოლობით რიცხვში მოევლინება. ის ერთადერთია ღვთისაგან ქმნილი. თავად ტყუპებს შორისაც კი არის განსხვავება ხასიათსა და ბუნებაში", - აღნიშნა უწმინდესმა. ამიტომ პატრიარქი მიიჩნევს, რომ ადამიანისათვის უმთავრესია შეიცნოს საკუთარი თავი, რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე და საით მიდის. მისი თქმით, ცოდვა არის ხორცმეტი და ავადმყოფობაც ხორცმეტია, ცოდვიდან იწყება ავადმყოფობა.
პარაკლისი ამ წუთებშიც გრძელდება. საპატრიარქოს ტახტზე არის დაბრძანებული უწმინდესი და ტაძარში შეკრებილ ყველა მლოცველს თვითონ აცხებს ზეთს.