რომის ახალი, რიგით 266-ე პაპი არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა. ახალი პაპი 76 წლისაა. ის არის პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი. მან თვითონ აირჩია სახელი და ამიერიდან ის, როგორც ფრანსისკ პირველი მოიხსენიება . ფრანსისკ პირველი წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან შეკრებილ მრავალათას მორწმუნეს უკვე მიესალმა.
წმინდა პეტრეს ტაძარში, სიქსტის კაპელას ბუხრიდან კვამლი დაახლოებით ერთი საათის წინ გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოებას ამცნო, რომ ახალი პაპი არჩეული იყო. ახალი პაპი კარდინალი-პროტოდიაკონმა ლათინურ ენაზე მიმართვისას დაასახელა.
რომის პაპის არჩევნებში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი – აშშ-ს. მათ გუშინ კანდიდატის შერჩევა ვერ შეძლეს.
2005 წელს რომის ახალი პაპის არჩევას, როცა საბოლოოდ ბენედიქტ XVI აირჩიეს, ოთხი ეტაპი დასჭირდა. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ამჟამად ახალი პაპის არჩევას უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, ვინაიდან კონკლავს არ ჰყავდა გამოკვეთილი ფავორიტი. თუმცა ახალი პაპის არცევას ამჯერად კარდინალებამ მხოლოდ ორი დღეა მოანდომეს.