საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არ მიცემა პოლიტიკური სებეცე იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა . მისი თქმით, თუ ამ გზას დაადგებიან მისი კოლეგები უმცირესობიდან, ეს მათი არჩევანი იქნება.
"შემდეგ კვირაში უკვე დაიწყება მსჯელობა და ბიუროს ფორმატი განსაზღვრავს, როდის მომზადდება საკითხი კენჭისყრისთვის. მთავარი საკითხი ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა, რომ მან ვერ დაითხოვოს მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე და მთავრობას ჰქონდეს მაქსიმალური გარანტიები და ლეგიტიმაცია იმისა, რომ მისი არსებობა არ იყოს დამოკიდებული ერთი ადამიანის დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაზე. ეს გარანტიები კონსტიტუციაში უნდა აისახოს. ასევე, საყურადღებოა გავითვალისწინოთ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უნდა დარჩეს ნორმა კონსტიტუციაში და არ შეიცვალოს, რომლის მიხედვითაც ბოლო 6 თვის განმავლობაში საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე პრეზიდენტს ასევე არ ჰქონდეს პარლამენტის დათხოვნის უფლება. ასე რომ, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით დებატები უკვე საკმარისად იყო და დროა, მომზადდეს კენჭის საყრელად. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ამ ცვლილებების მისაღებად მოიძებნება საკმარისი ხმები. წარმოუდგენელია, რომ ხმა მისცე ისევ ავტორიტარულ მმართველობას და მოდელს და ხმა არ მისცე დემოკრატიულ ცვლილებას. ეს იქნება პოლიტიკური სიბეცე და თუ ამ გზას დაადგებიან ჩემი კოლეგები უმცირესობიდან, ეს მათი არჩევანი იქნება", - აღნიშნა ბესელიამ.