ექიმებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ექიმებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ქერჩის ქუჩაზე მოშიმშილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან დათხოვნილმა ექიმებმა შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ექიმმა ლევან ლომსიანიძემ განუცხადა, დღეს მათ მერიისგან მოისმინეს , რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი კახა ჩიხლაძე საქმიანობას ჩამოშორებულია. მათი თქმით, ისინი ამას მიესალმებიან. 

სამსახურიდან დათხოვნილი ექიმების განცხადებით, ისინი მადლობას უხდიან ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, დეპუტატ ეკა ბესელიას და "ქართული ოცნების" წევრ დავით ფაცაციას.

"კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ დღეს შევწყვიტოთ შიმშილობა. ბრძოლას სხვა სამართლებრივი გზით გადავწყვეტთ", - აღნიშნა ლომსიანიძემ და დასძინა, რომ ხვალიდან უკვე სასამართლოს მიმართავენ.

მოშიმშილე ექიმებთან იმყოფებოდა "ქართული ოცნების" წევრი დავით ფაცაცია, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან ექიმების მიერ შიმშილობის შეწყვეტას, რადგან ამით პრობლემა ვერ მოგვარდება. როგორც დავით ფაცაციამ აღნიშნა, ამ საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც ჯანდაცვის სამინისტროს უწყებები, ისე დეპუტატები ეკა ბესელია და დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ამ ექიმებთან დაკავშირებით ყველა საქმეს გამოიძიებს.