ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ ვინც ვენეციის კომისიაში 22-ე მუხლზე მუშაობდა, არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია პოლიტპატიმრების აღიარების პროცედურებზე

ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ ვინც ვენეციის კომისიაში 22-ე მუხლზე მუშაობდა, არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია პოლიტპატიმრების აღიარების პროცედურებზე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ მას, ვინც ვენეციის კომისიაში 22-ე მუხლზე მუშაობდა, არ ჰქონდათ ზუსტი და სწორი ინფორმაცია პოლიტიკური პატიმრების აღიარების და მათი გათავისუფლების პროცედურებთან დაკავშირებით. 

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რაიმე საკითხზე საუბრისას სიღრმისეული კვლევაა საჭირო.

"ევროპის საპარლამენტო რეზოლუციით დადგენილი სტანდარტების მიხედვით, საქართველოში პირველი პრეცედენტი შევქმენით - პოლიტიკური პატიმრების აღიარებისა და მათი გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმებით. ეს პირველი პრეცედენტი შესაძლოა სხვადასხვა ექსპერტებს შორის განსხვავებულ მოსაზრებებს იწვევდეს, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვინც ამ მუხლზე მუშაობდა, მას არ ჰქონდა ზუსტი და სრული ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშიებით თუ როგორ განხორციელდა პოლიტიკური პატიმრების აღიარებისა და გათავისუფლების პროცედურები. იმ ჩანაწერში, რომელიც 22-ე მუხლს ეხებოდა, ფორმულირებაში იყო რამდენიმე ისეთი სიტყვა გამოყენებული, რომელიც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია არ ჰქონდათ და არ იყო ეს საკითხი სიღრმისეულად შესწავლილი. როდესაც, ვინმე რომელიმე საკითხზე საუბრობს და ეს ვინმე შეიძლება ისეთი საპატივცემულო კომისია იყოს, როგორიც არის ვენეციის კომისია, ამ საკითხს სიღრმისეული კვლევა სჭირდება", - აღნიშნა ბესელიამ.

ვენეციის კომისიას ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლთან შენიშვნები აქვს. როგორც კომისიის ვებგვერდზე განთავსებულ დასკვნაშია ნათქვამი, კანონში არ ყოფილა ობიექტური კრიტერიუმების მიღების მცდელობა, რომლის მიხედვითაც, პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.

"ამნისტიის კანონის 22-ე მუხლი ერთმანეთისგან მიჯნავს იმ პირის კრიმინალურ პასუხისმგებლობას და დასჯას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, პოლიტიკური პატიმრის სტატუსით იხდიდა სასჯელს ან პოლიტიკური მოტივით იდევნებოდა. კანონში არ ყოფილა ობიექტური კრიტერიუმების მიღების მცდელობა, რომლის მიხედვითაც პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება. კანონი არ აზუსტებს, რა დანაშაულები შედის მასში ან რა პერიოდის განმავლობაში. კანონში არ არის ნახსენები ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა "სერიოზული ეჭვი იმ პროცედურების სამართლიანობაზე, რომლის შედეგადაც ხდება ადამიანის დაკავება". მიუხედავად იმისა, რომ კანონის შესავალში ნახსენებია ევროსაბჭოს რეზოლუცია პოლიტიკური პატიმრების შესახებ, ეს კრიტერიუმი თავად კანონში არ არის შესული", - ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქმეების შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, ამიტომ თვითნებურად ითვლება. კომისიის აზრით, კანონში ცხადი კრიტერიუმების არარსებობის გამო, ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლოა, უკიდურესად რთული ან შეუძლებელი იყოს პარლამენტის გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

"კანონი არ ითვალისწინებს სასამართლოში გასაჩივრებას იმ შემთხვევაში, თუ პირი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მაგრამ პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადი კრიტერიუმების არარსებობის შემთხვევაში სიაში მოხვედრის ან ამოღების პრობლემა რთულად მოგვარებადია. ამნისტიის შესახებ კანონის 22-ე მუხლი გულისხმობს პოლიტიკური მოტივებით დაკავებულ პირთა ამნისტიას, თუმცა წარმოადგენს საერთო ამნისტიას. მოსმენისას კანონი შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ ჩვეულებრივ დანაშაულებსაც, რომლებიც არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან და ასევე, ძირითადად, თეორიულად – საერთაშორისო კრიმინალურ დანაშაულებს, როგორიც არის წამება და ომის დროს ჩადენილი დანაშაული. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა სიაში შეიყვანა პირები, რომლებიც არ არიან პოლიტპატიმრები ან პოლიტიკური მოტივით დევნილები და რომლებმაც ჩაიდინეს ჩვეულებრივი დანაშაული, რომელიც არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან - არ არსებობს მეთოდი, რომლითაც მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება", - აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ასევე განმარტავს, რომ გაითვალისწინა კანონის მიღების მიზეზი - პოლიტპატიმართა გარშემო ატეხილი სკანდალის დროულად დასრულება. "კომისია ასევე ითვალისწინებს კანონის პრეამბულას, რომელიც მიუთითებს "ჰუმანურობის საერთო პრინციპებს" და ქვეყანაში შექმნილ განსაკუთრებულ ვითარებას და მიღებული ზომების განსაკუთრებულ მასშტაბს ("საერთო, დროებითი და საგანგებო"). მიუხედავად ამისა, კომისია მიიჩნევს, რომ ზომები მიღებულ იქნა კანონთან და ზემოაღნიშნულ ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუფარდებლად. ეს უნდა ითქვას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების გულწრფელობაში ეჭვის შეტანის გარეშე, რომლებიც ამ საკითხზე კამპანიას აწარმოებდნენ",- აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.

ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, "სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი".