კახა ბენდუქიძე გიორგი მარგველაშვილს დებატებში იწვევს

კახა ბენდუქიძე გიორგი მარგველაშვილს დებატებში იწვევს

კახა ბენდუქიძე განათლების სამინისტროს მოუწოდებს, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააუქმოს , - ამის შესახებ განცხადება აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

ბენდუქიძის განცხადებით, ერთადერი გამოსავალი სიტუაციიდან, რათა არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და სტუდენტები არ დაზარალდნენ, არის ის, რომ ხელახლა მოხდეს საავტორიზაციო საბჭოს მოწვევა, ამ საბჭოზე გაუქმდეს არსებული შედეგი და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ავტორიზაციის დაბრუნების შესახებ.

კახა ბენდუქიძე მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც აუცილებლად მიიჩნევს, რომ ეს პროცესი სწორედ ამ კუთხით განვითარდეს. მისი თქმით, პირველ რიგში ავტორიზაციის შეჩერება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გამოყოფილი იქნება გარკვეული დრო დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, არამედ ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად უუქმდება უნივერსიტეტს ყველა არსებული აკრედიტაცია სხვადასხვა პროგრამებზე, ასევე, ეზღუდება სხვა ახალი პროგრამებისთვის აკრედიტაციის მოპოვების შესაძლებლობა. ამასთან, უნივერსიტეტს აღარ ექნება მომავალი სასწავლო წლიდან უფლება, მიიღოს ახალი სტუდენტები და ის ვერანაირად ვერ მოასწრებს ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ხელახლა გავლას.

როგორც ბენდუქიძემ აღნიშნა, ეს პროცესი გამოიწვევს პირველ რიგში სტუდენტებისა და ახალგაზრდების დაზარალებას და ის მოუწოდებს სამინისტროს, რომ უნივერსიტეტსა და სტუდენტებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობის ნაცვლად რეალურად იფიქროს მათ მომავალზე და თავისივე გაფუჭებული საქმე თვითონვე გამოასწოროს.

დღესვე კახა ბენდუქიძემ უპასუხა იმ არგუმენტებს, რომელიც იყო დასახელებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საავტორიზაციო საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებისას. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის არგუმენტები, თითქოს არასწორი პროცედურებით ხდებოდა პროფესორ- მასწავლებლების დანიშვნა ან მოწვევა. ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს ის, რომ სტუდენტებს უუქმებდნენ სტატუსს იმის გამო, რომ მათ სწავლის გადასახადის დროულად გადახდა ვერ მოახერხეს. პირიქით, როგორც კახა ბენდუქიძე აღნიშნავს, საბოლოოდ ეს პროცესი სტუდენტებისთვის სასარგებლოდ გადაწყდა და მათ უნივერსიტეტი მაქსიმალურად ეხმარება.

ასევე, ბენდუქიძის თქმით, არანაირად არ ჯდება ლოგიკაში ის, რომ 2017 წლისთვის წინასწარ მოითხოვოს სამინისტრომ უნივერსიტეტს ჰქონდეს ლიტერატურა, რომელიც შეიძლება თუნდაც მომავალ წელს შეიცვალოს. საერთო ჯამში, ბენდუქიძის შეფასებით, ეს პროცესი არის არა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არამედ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ცუდად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც პირადად მის ანგარიშწორებას ისახავდა მიზნად.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბენდუქიძემ დებატებში გამოიწვია განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და მზაობა გამოთქვა, რომ ნებისმიერ ეთერში მასთან აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე ღიად იმსჯელოს.