პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მზადაა, აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებული საკითხები უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს .
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე მის კომიტეტს მიაწვდის მასალებს, კომიტეტი მზად იქნება საკითხი უფრო ღრმად შეისწავლოს.
"მე პირველად კომენტარს გავაკეთებ და ვიტყვი, რომ მზად ვარ საკითხი უფრო სიღრმისეულად შევისწავლო. განათლების უფლება არ უნდა დაიღრვეს და სტუდენტებს იმის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ სწავლა დაასრულონ და წლის ბოლომდე მათ შეფერხება არ ჰქონდეთ. რაც შეეხება ავტორიზაციის საკითხს, რომელიც სტანდარტების შეუსაბამობის გამო შეწყდა, თუ სტუდენტის უფლებებზეა ლაპარაკი, იქნებ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ამ პირობების დაკმაყოფილებაზე იზრუნოს", - აღნიშნა ბესელიამ.
მისივე თქმით, საკითხის პოლიტიზების ნაცვლად, უფრო სწორი და გონივრული იქნებოდა თუ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უსწრაფესად მიიღებდა ზომებს და გამოასწორებდა იმ პრობლემებს, რომელზეც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მიუთითებს.