ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მცხოვრები კერძო დავალიანების მქონე ლილი მორჩაძე სამართალდამცველებმა გამოასახლეს . მორჩაძეს 30 000 აშშ დოლარამდე დავალიანება ჰქონდა კერძო იპოთეკართან.
როგორც "ინტერპრენსიუსს" ლილი მორჩაძის ადვოკატმა ლელა ბჟალავამ განუცხადა, მორჩაძეს მოლაპარაკებები ჰქონდა ბანკებთან და ვალის გადახდას შეძლებდა, თუმცა, იპოთეკარმა ორთვიანი ვადა არ მისცა.
"ლილი მორჩაძის იპოთეკარი არ წამოვიდა დათმობაზე. მორჩაძე ორთვიან ვადას ითხოვდა, ბანკებში ჰქონდა მოლაპარაკება და აპირებდა ვალის დაფარვას. 24 000 აშშ დოლარი ჰქონდა ვალი, იპოთეკარი კი პროცენტებს სთხოვდა 30 ათას ამერიკულ დოლარამდე", - აღნიშნა ლელა ბჟალავამ.
ლილი მორჩაძეს იპოთეკით ორსართულიანი სახლის პირველი სართული ჰქონდა დატვირთული. სახლის მეორე სართულზე ასვლა პირველი სართულის კიბიდან არის შესაძლებელი, ამიტომ, მორჩაძე ითხოვს, მეორე სართულზე ასვლის საშუალება ჰქონდეს. მორჩაძის სახლთან საბანკო და კერძო დავალიანების მქონე მოსახლეობაც იყო შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავდა, რომლის დროსაც შეხლა-შემოხლა მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. დაპირისპირების დროს აქციის მონაწილე ლალი ვადაჭკორიამ დაზიანება მიიღო.
როგორც უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ "ინტერპრესნიუსს" აცნობა, დაშავებული ლალი ვადაჭკორია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ბაკურიძის ინფორმაციით, მას ნეკნები აქვს ჩამტვრეული.