"საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ .
როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფი გამოხატავს მაუწყებელში მომუშავე პროფესიონალთა უმრავლესობის ნებას.
"მოგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თანამშრომლები უნდობლობას ვუცხადებთ სამეურვეო საბჭოს და ვითხოვთ შეჩერდეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი. მოთხოვნას, რომელიც სსმ-ს სამეურვეო საბჭოს და საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა, ხელს აწერს სსმ-ს თანამშრომელთა უმრავლესობა. (ამ დროისთვის სამეურვეო საბჭოს უნდობლობასა და დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერების მოთხოვნას ხელს აწერს 500-მდე თანამშრომელი, რაც სსმ-ს კოლექტივის უმრავლესობას შეადგენს. ხელმოწერები გრძელდება).
უკანონოდ ჩამორთმეული უფლებების აღსადგენად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა მიმართა სასამართლოს. გიორგი ბარათაშვილის სარჩელი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე, სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას. იმისათვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი კრიზისი არ გაღრმავდეს, გთხოვთ დაჩქარებული წესით განიხილოთ ზემოაღნიშნული სარჩელი და საბოლოო განჩინებამდე, მაქსიმალურად სწრაფ დროში მიიღოთ გადაწყვეტილება დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შეჩერების შესახებ",-ნათქვამია განცხადებაში.