ევროპის პარლამენტში ბევრია ისეთი, ვინც საქართველოს ახალ მთავრობას წარმატებას უსურვებს, - ამის შესახებ "ევროპელი ლიბერალების" თავმჯდომარე და ევროპარლამენტში ლიბერალური ფრაქციის ვიცე-პრეზიდენტი გრაჰამ ვატსონი ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ კომენტარში აცხადებს.
მისივე თქმით, წერილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარებმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მისწერეს, ევროპარლამენტის პოზიციას არ გამოხატავს.
"ეს სულაც არ არის ევროპის პარლამენტის პოზიცია. ეს არის ევროპარლამენტის 23 წევრის პოზიცია, რომლებიც სააკაშვილის მეგობრები არიან და არ დათანხმდნენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ შედეგებს. მათ ისევ აქვთ იმედი, რომ სააკაშვილი მთავრობის შეცვლას შეძლებს. ევროპის პარლამენტს გაცილებით ფართო და დაბალანსებული პოზიცია აქვს ვითარებაზე და ბევრია ისეთი, ვინც საქართველოს ახალ მთავრობას წარმატებას უსურვებს", - აცხადებს გრაჰამ ვატსონი.
მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომელსაც ხელს ევროპარლამენტის 23 დეპუტატი აწერს, 7 მარტს გავრცელდა. მიმართვაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, "არ დაასამაროს საქართველოს ევროპული მომავალი".