პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოს დაცვის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გია ცაგარეიშვილმა განუცხადა, კანონმდებლობიდან მოხდება ბევრი გაუკუღმართებული ნორმის ამოღება, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ჩაიდო.
"მეორე მოსმენა იყო იმ ცვლილებათა პაკეტისა, რომელიც ერთი თვის წინ იყო წარმოდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის შუა წელში ვართ. ამ თვის ბოლოს მესამე მოსმენა იქნება და უკვე ძალაში შევა კანონპროექტები. იმედია ბატონი სააკაშვილი დროზე მოაწერს ხელს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
დღევანდელი სხდომის მომხსენებლის, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, შალვა ამირეჯიბის თქმით კი, სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ რამდენიმე ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდება.
"შეიქმნება ეროვნული სატყეო სააგენტო. ასევე შეიქმნება გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომლის დანიშნულებაც გარემოსდაცვითი ინფორმაციების მოსახლეობაში გავრცელება იქნება. გარდა ამისა, იქმნება გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი", - აღნიშნა ამირეჯიბმა.