"ნუგეშის" მაღაზიათა ქსელიდან ვადაგასული კვერცხი ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა "ნუგეშის" მაღაზიათა ქსელიდან დიდი რაოდენობით ვადაგასული კვერცხი ამოიღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, სარეალიზაციოდ გამზადებული 200 ათას ცალამდე (5535) ყუთი მოლდავური წარმოშობის კვერცხი შპს "ნუგეშის" საწყობში დაილუქა და აიკრძალა მისი შემდგომი რეალიზება.

სააგენტოს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით ვადაგასული სურსათი ექვემდებარება განადგურებას ან უტილიზაციას ტექნიკური გადამუშავების გზით მხოლოდ აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარულ-სანიტარიული და სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზის საფუძველზე. საბოლოო გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნული სააგენტო მიიღებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სასურსათო ბაზრისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს. მონიტორინგის განხორციელებისას საქართველოს სხვადასხვა რაიონების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტები.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის-მონიტორინგის განხორციელებისას ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2-ს გარეშე ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 43 ბიზნესოპერატორი. განადგურდა დიდი რაოდენობით დაავადებული ცხენის ხორცი. ასევე მონიტორინგის განხორციელებისას სუპერმარკეტ ,,ორ ნაბიჯში"" აღმოჩნდა ვადაგასული სხვადასხვა სახეობის სურსათი (მარილიანი თხილი; სხვადასხვა სახის ორცხობილა; შოკოლადის ბატონები; ნამცხვრები; დაფასოებული ფარში). აღნიშნული სურსათი განადგურდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

შპს ,,ვეჯინის" სუპერმარკეტში არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა და განადგურდა ასევე ვადაგასული სურსათი - სხვადასხვა დასახელების შოკოლადის ფილები, მარგარინი და კარაქი.
2013 წელს ინსპექტირება განხორციელდა სურსათის მწარმოებელ 194 საწარმოში (გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება, გადამოწმება) არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოვლენის შედეგად მიცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა 69 ბიზნესოპერატორი, კრიტიკული შეუსაბამობების გამოვლენის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა 2 ბიზნესოპერატორი.