იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე ვენეციის კომისიის დასკვნაში ალოგიკურობის ნიშნებს ხედავს .
კერძოდ, დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ არ არის ვენეციის კომისიისთვის პრობლემა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნული ორი პირისა და პარლამენტიდან წარდგენილი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა და რატომ არის ეს პრობლემატური, როცა საქმე მოსამართლეთაგან არჩეულ წევრებს ეხება.
ამასთან, ხმალაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ვენეციის კომისიამ მთლიანად დაუჭირა მხარი პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ მოდელს, შენიშვები კი გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებულ ნაწილზე გამოითქვა.
"დღეს არსებობს იმ წესით შექმნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არავის მოსწონს - არ მოგვწონს არც ჩვენ და არც ვენეციის კომისიას. ხვალ კანონში ჩაიწერება ნორმა, რომლითაც ამ მხრივ სრულიად სხვა წესი დადგინდება. ახლა საუბარია, როგორ გადავიდეთ დღევანდელი, არასწორი ნორმებით შექმნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, სწორი და სამართლიანი ნორმებით შექმნილ იუსტიციის საბჭოზე. საბჭოში ოთხი თუ ხუთი წევრი ე.წ. ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ არის არჩეული, არადა კონსტიტუციაში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეთაგან, მოსამართლეთა თვითმმართველი ორგანოს მიერ უნდა აირჩეს. ვენეციის კომისია წერს, რომ ადმინისტრაციული კომიტეტისთვის არჩევის უფლების მიცემა კონსტიტუციონალურობის თვალსაზრისით საეჭვოა და ეს მათი აზრით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. რა ვუყოთ ამ წევრებს?! ერთი ვარიანტია, რომ უფლებამოსილება ყველას შეუწყდეს და მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თავიდან აირჩიოს. აქ კი ჩნდება პრობლემა, რომ საბჭოს ეს წევრები ოთხი წლის ვადით არიან არჩეულნი. ამასთან, საბჭოში კიდევ ექვსი წევრია, რომელთაგან ორი პრეზიდენტის მიერ არის დანიშნული, სამს პარლამენტი ირჩევს, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი საბჭოს წევრი თანამდებობრივად ხდება. ეს ოთხი დეპუტატი საბჭოში პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, ანუ ოთხი წლით არის შესული. ვენეციის კომისიას არც ამ ოთხი წევრისათვის და არც პრეზიდენტის მიერ დანიშნული ორი პირისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, ანუ მიიჩნიეს, რომ ამ წევრებისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მოსამართლეებს, რომელთაგანაც ზოგი მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და ზოგით ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ არიან არჩეულნი, არ შეიძლება უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდეთ. აქ ცოტა ალოგიკურობა ჩანს!" - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს არჩევის თაობაზე შეთავაზებული მოდელი უცვლელად დარჩება, რაც შეეხება გარდამავალ პერიოდს, შეეცდებიან, ყველაზე უფრო ოპტიმალური ვარიანტის მოძებნას, რათა სასურველი შედეგის მიღწევა მოხერხდეს.
"ამის მიზანია ის, რომ მოხდეს საბჭოს დეპოლიტიზირება, მისი დაკომპლექტების გადატანა თავად მოსამართლეებზე და გამორიცხვა იმისა, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იყოს განმსაზღვრელი იმისა, თუ ვინ აირჩევა მოსამართლეთაგან იუსტიციის უმაღღეს საბჭოში", - აღნიშნა ხმალაძემ.
"საერთო სასამართლეობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტი მომავალ კვირიდან დაუბრუნდება.