საქართველო მთავრობა ახალ პროექტს - "მთავრობა ღია მმართველობისათვის" იწყებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, სახელმწიფო მმართველობაში უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა, მთავრობის მუშაობა გახადოს უფრო ღია და გამჭვირვალე და ტრადიციად აქციოს ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი.
პროექტი "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" ითვალისწინებს შეხვედრებს ინტერაქტიულ რეჟიმში, როგორც ქართულ, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლებთან.
პროექტის ფარგლებში, მედიასთან შეხვედრა გაიმართება კვირაში ორჯერ. შესაბამისად, კვირის განმავლობაში ორი მინისტრი მედიის საშუალებით, საზოგადოებას საკუთარი უწყების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს გააცნობს.
"საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" ფარგლებში, დღეს, პირველ შეხვედრას, ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გამართავს.