პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა პარლამენტში ინიცირებული ის საკონსტიტუციო ინიციატივა იქნება, რომლის გათვალისწინებით იზღუდება ქვეყნის პირველი პირის უფლებები მთავრობის დათხოვნის მიმართულებით.
წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მთავრობის საქმიანობას კი, ახალი შემადგენლობის შექმნამდე ძველი სამთავრობო გუნდი გააგრძელებს.
ამასთან, საუბარია იმის შესახებაც, რომ პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გახორციელდეს და მასში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები აისახოს.