განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, "აგრარული უნივერსიტეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ კანონის შესაბამისად იქნება მიღებული".
ამის შესახებ ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს.
"რამდენადაც აგრარული უნივერსიტეტის გამო ბევრი მომმართავს, საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო: მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი კვირაა, არ ვიმყოფები საქართველოში და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე ვარ, მიმდინარე პროცესის მიმართ პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. რაც შეეხება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, ავტორიზაციის შეჩერება ავტორიზაციის შეწყვეტას და გაუქმებას არ ნიშნავს, ანუ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ "უნივერსიტეტი დახურეს" და ა. შ. არის ტყუილი და სინამდვილეს არ შეესაბამება. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტს მიეცა ვადა საბჭოს მიერ დადგენილი დარღვევების გამოსასწორებლად (სხვათა შორის, უნივერსიტეტის რექტორი პრაქტიკულად ამასვე ითხოვდა). თუ ეს ხარვეზები გასწორდება, მიმდინარე სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტს შეუძლია განაცხადი ავტორიზაციის აღდგენაზე კვლავ შეიტანოს. ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტში ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტის შესახებ მიღებულ იქნას პოლიტიკური მოტივაციის საფუძველზე. ყველაფერი გაკეთდება მხოლოდ კანონის შესაბამისად", - წერს ზურაბიშვილი.