ახალი შესწორებები ხელს უწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობისკენ პროგრესს, რადგან ისინი მიმართულია მოქმედი კანონმდებლობის ნაკლოვანებების გამოსწორებისკენ ,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.
ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჟამად 15 წევრისგან შედგება. წევრები არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მართლმსაჯულების სხვა რვა წარმომადგენელი, პარლამენტის მიერ არჩეული ოთხი წევრი, რომლებიც არჩევნების შემდეგ შეცვალეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 48.3 მუხლის შესაბამისად და პრეზიდენტის მიერ დანიშნული ორი წევრი. საქართველოში მოქმედი კონსტიტუციის 86.1 მუხლის მიხედვით, საბჭოს იურიდიული კომპონენტი უნდა იყოს არჩეული მოსამართლეთა თვითმმართველობის, იგივე მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. ამასთანავე, ორგანული კანონის თანახმად, კანდიდატები უნდა დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ამრიგად, მას ეძლევა კანდიდატის წარდგენის ექსკლუზიური უფლება. ამასთან, მოსამართლეთა კონფერენციას ჰყავს ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს ეს ფუნქციები კონფერენციის სხდომებს შორისაც. ორგანული კანონის 65 B პუნქტის თანახმად, ეს ფუნქციები მოიცავს უმაღლესი საბჭოს იურიდიული წევრების არჩევის ძალასაც. კონსტიტუციის 86.1 მუხლის გათვალისწინებით, ამის კონსტიტუციურობა საეჭვოა. როგორც ცნობილი გახდა, უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი მართლაც "არჩეული" იყო ადმინისტრაციული კომიტეტის და არა მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. თუმცა, ეს გადაწყვეტილებები არ იყო გასაჩივრებული სასამართლოში.
კომისიის დასკვნაში საუბარია ამ კუთხით კანონპროექტში შესულ სიახელეებზე - 8 მოსამართლე არჩეული იქნება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ, თავად მოსამართლეების შემოთავაზების საფუძველზე (ახალი მუხლი 47.4); პარლამენტი აირჩევს საბჭოს 6 წევრს "უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირთაგან, არაკომერციული იურიდიული პირებისგან, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში მუშაობენ და/ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებიდან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელების რეკომენდაციის საფუძველზე" (ახალი მუხლი 47.5);
შესწორებები მოიცავს ფარულ კენჭისყრას საბჭოს წევრების არჩევნებზე (ახალი მუხლი 64.2);
ვენეციის კომისია წერს, რომ ზემოხსენებული ცვლილებების განხორციელებას მიესალმება.
ამასთან, დასკვნის მიხედვით, პრეზიდენტისთვის საბჭოს წევრების დანიშვნის უფლების გაუქმება, როდესაც ეს პრინციპში პოზიტიური ნაბიჯია, შეეწინააღმდეგება კონსტიტუციის 73.1 მუხლს, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში შევა ძალაში და, რომელიც პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ დანიშვნებს განსაზღვრავს (თუმცა, ამ დროისთვის პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური აღარ იქნება).
თუმცა, კომისიის დასკვნის მიხედვით, რჩება რამდენიმე საკამათო საკითხიც:
სასამართლოთა და პალატების მეთაურების არჩევნებიდან მოხსნა
"47.4 მუხლის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თავმჯდომარის მოადგილე, ბორდისა და პალატის თავმჯდომარეები და ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წინა წლებში ზემოხსენებული პოზიციები ეკავა, არ შეიძლება იყვნენ არჩეული საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. ვენეციის კომისიამ საქართველოში ვიზიტის განმავლობაში მიიღო ინფორმაცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომპონენტის უდიდესი უმრავლესობა იყვნენ სასამართლოს ან სასამართლო პალატის თავმჯდომარეები (ამასთანავე, კომისიამ მიიღო ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანი არჩეული იყო ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მოსამართლეთა კონფერენციის ნაცვლად). ადვილი გასაგებია სურვილი იმაში დარწმუნებისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ უმაღლეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს. თუმცა, თუ საბჭომ უნდა წარმოადგინოს მთლიანად მართლმსაჯულება, მაშინ, პრინციპში, არასწორი ჩანს მართლმსაჯულების სისტემის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის იმ უფლების წართმევა, იყოს არჩეული.
ეს რეკომენდაციები შემუშავდა იმ მიზნითაც, რომ პირს მიეცეს საშუალება, ერთდროულად იყოს სასამართლოს თავმჯდომარეც და საბჭოს წევრიც, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები. თუმცა, კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ ყველა თავმჯდომარე არ ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს (მაგალითად, ბორდების თავმჯდომარეები). აღნიშნული არგუმენტები შეიძლება მხოლოდ ეხებოდეს იმ თავმჯდომარეებს, რომლებიც ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებენ"
მომდევნო საკამათო საკითხი, როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, ეხება სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის საბჭოს წევრობის უფლების მიცემას, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი წარმოშვას.
ვენეციის კომისიის აზრით, ეს საკამათო საკითხები გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც არჩევანს აკეთებს, რამდენად იმსახურებს მათი კოლეგა, რომ ანდონ ის უფლებამოსილება, რომელსაც საბჭოს მანდატი ითვალისწინებს. ამასთანავე, ზემოხსენებულმა საკამათო საკითხებმა ნაწილობრივ დაკარგა წონა, რადგან ახლა საბჭოს წევრების არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება. იუსტიციის საბჭოს დაარსების უკან დგას ის ლოგიკა, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა დარჩეს მოსამართლეებისთვის, რომ აირჩიონ მათი კოლეგებიდან ის, ვინც სურთ, რომ მათ წარმოადგენდეს საბჭოში.
ამასთან, "კომისია იაზრებს იმ წუხილს, რომელსაც ამ დიალოგის ბევრი მონაწილე გამოთქვამს. თუ ქართველი მაღალჩინოსნები ამ წუხილებს აღიქვამენ იმპერატიულად შეიძლება დადგინდეს, რომ კანონმა შეზღუდოს მაქსიმალური რაოდენობა თავმჯდომარეებისა რომლებიც იქნებიან საბჭოს წევრები. ალტერნატივის სახით, ახალმა შესწორებებმა შეიძლება მოიცვას ის, რომ თუ სასამართლოს თავმჯდომარე იქნება არჩეული საბჭოში, მას მოუწევს თავმჯდომარეობის პოზიციიდან გადადგომა და ჩვეულებრივი მოსამართლის სტატუსით დარჩენა".
ამასთან, ვენეციის კომისია ეხება საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს. კერძოდ, 47.5 მუხლის თანახმად, "საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ირჩევს უმაღლესი იუსტიციის საბჭოს ექვს წევრს".
ვენეციის კომისიის აზრით, ეს არჩევა უნდა მოხდეს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მიერ, შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის გათვალისწინებით ან რაიმე პროპორციული მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს - ოპოზიციას ჰქონდეს გავლენა საბჭოს დაკომპლექტებაში.
"საქართველოს მაღალჩინოსნებზეა დამოკიდებული, რომელი გზა აირჩიონ, მაგრამ დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი არ უნდა გამოდგეს დაბრკოლებად შეთანხმების მიღწევის გზაზე. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება ყველა იმ შემთხვევას, სადაც კანონი არეგულირებს კვალიფიციურ უმრავლესობებს", - აღნიშნულია დასკვნაში, რომელშიც გამოთქმულ კიდევ რამდენიმე მოსაზრების თარგმანს უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.