საქართველოს მთავრობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ისინი ძალიან კმაყოფილი არიან იმით, თუ როგორი მაღალი შეფასება მისცა ვენეციის კომისიამ იუსტიციის სამინისტროში შემუშავებულ კანონპროექტს, სადაც, ბარამიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივებია ჩადებული მართლმსაჯულების სისტემის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების, ისეთის, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.
როგორც ბარამიძე აცხადებს, ვენეციის კომისიამ მოიწონა სამინისტროს თითოეული ეს ინიციატივა და ამის თაობაზე ხაზგასმით აღნიშნა.
"გარდა ამისა, ჩვენ კმაყოფილები ვართ იმითაც, რომ ვენეციის კომისიამ აანთო მწვანე შუქი იმისათვის, რომ ცვლილებები, რომლებსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონპროექტი, განხორციელდეს დაუყონებლივ, აქედან გამომდინარე ჩვენ ამას შევუდგებით", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
მისივე თქმით, არის გარკვეული ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები. კერძოდ, გარკვეული რეკომენდაციები არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებით.
"მაგალითად, იმასთან, რომ წევრი არ შეიძლება იყოს ან შეზღუდული უნდა იყოს მისი თავმჯდომარეობა სასამართლოში, აგრეთვე წევრი უნდა იყოს არჩეული მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და არა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ და ჩვენ ამას ყველაფერს გავითვალისწინებთ", - დასძინა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.