სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მართვას საგანგებოდ შექმნილი მმართველი საბჭო ჩაიბარებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოშიმშილე ექიმების საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა .
მისი თქმით, ხანგრძლივი ანალიზის შედეგად გადაწყდა, რომ სამსახურის მართვას მმართველი საბჭო ჩაიბარებს, რომლის შემადგენლობაშიც ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლები შევლენ. მინისტრის განმარტებით, სანამ სამართლებრივი გადაწყვეტილება არ იქნება ცნობილი, მის მართვას მმართველი საბჭო განახორციელებს და არა მხოლოდ დირექტორი, როგორც ეს აქამდე იყო. მას მიაჩნია, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ეს ოპტიმალური გამოსავალი იყო.
რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ამჟამინდელ დირექტორს, დავით სერგეენკოს შეფასებით, მან მთლიანობაში სიტუაცია ოპტიმალურად ვერ მართა და მის შესახებ გადაწყვეტილებაც მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც სამართლებრივი გზით მოშიმშილე ექიმების საკითხი გადაწყდება. მისივე ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობა ხვალვე დაკომპლექტდება, რომელიც სამსახურის მართვას ხვალიდან გადაიბარებს.
"პროტესტის უკიდურესი ფორმით - შიმშილობით გამოხატვა ყოველთვის მტკივნეულია და ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, რომ პრობლემების გადასაჭრელად სამართლებრივ გზას მიმართონ. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ პროტრესტი შეუძლიათ ნებისმიერი ფორმით გამოხატონ", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
თავად ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სამსახურიდან გათავისუფლებულმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტენ.