განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სპეციალური საბჭოს სხდომაზე აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სხდომაზე გადაწყდება, შეუჩერდება თუ არა უნივერსიტეტს ავტორიზაცია, ასევე, მოხდება იმ დარღვევებისა და შენიშვნების განხილვა, რომლებიც უნივერსიტეტის სპეციალური კომისიის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მონიტორინგის ჯგუფმა უნივერსიტეტის შემოწმება მას შემდეგ განახორციელა, რაც უნივერსიტეტის თანამშრომლების ნაწილმა, მათ შორის გათავისუფლებულმა ლექტორებმა სამინისტროს არსებული დარღვევების შესახებ ოფიციალურად აცნობა. ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ კი დაიდო დაახლოებით 80 გვერდიანი დასკვნა, რომელშიც მთლიანად საუბარია ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების დარღვევის ფაქტებზე.
სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, უნივერსიტეტის სტატუსის განსაზღვრაზე იმსჯელებენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ავტორიზაციის ცენტრის თანამშრომლები, განათლების ხარისხის ცენტრის თანამშრომლები და უშუალოდ აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის შეხვედრას ესწრება უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძეც.
როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ღიმილის მომგვრელია ბევრი პუნქტი, რომელიც აღნიშნულ დასკვნაშია ასახული და, ზოგადად, ეს დასკვნა არ შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი. გოცირიძე იმედოვნებს, რომ საბჭო ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიიღებს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა დაიწყება.
სხდომა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ცენტრის შენობასთან შეკრებილია 200-მდე სტუდენტი და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომლებიც მოითხოვენ, რომ სასწავლებელს ავტორიზაცია არ გაუუქმდეს. მათი განცხდებით, ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში პირიქით, ყველაფერი დადებითისკენ შეიცვალა და ის განვითარების სწორ გზას ადგას.