თუ ჩვენ უფლისა და სამშობლოს მიმართ სიყვარულით ვიცხოვრებთ, საქართველო დამშვიდდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ბრძანა . სამებაში საქართველოს მშვიდობისათვის პარაკლისი სრულდება.
პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და მცხეთა-თბილისის ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. უწმინდესმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილ მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა.
"ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ შეისმინოს ჩვენი ლოცვა და აკურთხოს საქართველო მშვიდობით, სიხარულით, სიყვარულით. მოგვმადლოს ჩვენ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ამ პარაკლისით მრევლი შესთხოვს უფალს, რომ "მოიღოს წყალობა ყოვლადწმინდა სამებამ, შეგვინდოს ყოველი ცოდვა ნებსითნი და უნებლიეთნი, რათა ჩვენ ვიგრძნოთ ჩვენი დაცემა, როგორც ამას ამბობს ღირსი მამა - "ჰე უფალო მომმადლე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა".
"თუ ჩვენ გვექნება სინანული და სიყვარული, თუ ჩვენ გვექნება მტკიცე სარწმუნოება, თუ ჩვენ სიყვარულით ვიცხოვრებთ უფლისა და სამშობლოს მიმართ, საქართველო დამშვიდდება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველდღე შესრულდეს პარაკლისი წინაშე ღვთისა. შევთხოვთ უფალს, დამშვიდდეს მსოფლიო, დამშვიდდეს საქართველო. უფალმა დანერგოს სიყვარული თქვენს შორის. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს და მისცეს მშვიდობა და სიყვარული, მადლი, სუფევდეს ჩვენს შორის და საქართველოზე", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.