"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც სამაუწყებლო სივრცეში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლის შემოღებას ითვალისწინებს, პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია. "მაუწყებლობის შესახებ" კანონში, მისგან გამომდინარე "სახალხო დამცველის შესახებ" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.
საუბარია საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის ავტორებიც არიან ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ნინო ზურიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი, თამარ კორძაია და საზოგადოებრივი სექტორის სხვა წარმომადგენლები. მათ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს პარლამენტს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წარუდგენს.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებისთვის ბიუროს გასულ კვირას წარედგინა, თუმცა იურიდიულ-ტექნიკური ხარვეზების გამო, რომელთა საფუძველზეც პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა უარყოფითი დასკვა მოამზადა, ინიციატივა კომიტეტს უკან დაუბრუნდა.
რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეებს, ის სამაუწყებლო სფეროში სავალდებულო ტრანზიტის წესის შემოღებას ითვალისწინებს. წესდება მაუწყებლის ვალდებულება, მისცეს მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ სუბიექტს ტრანზიტის უფლება; ასევე წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო ეროვნული მაუწყებლობისთვის, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარების, ხოლო დანარჩენი მაუწყებლებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტის ჩატარების ვალდებულებები. კანონპროექტით განისაზღვრება აუდიტორული დასკვნების სრულად გამოქვეყნების წესი. წესდება სარეკლამო შემოსავლების ყოველკვარტალურად გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტს ასევე შემოაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საეთერო სარეკლამო დროის შესყიდვის მკაცრი წესები.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, აჭარის ტელევიზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლად ყალიბდება, ხოლო მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდრულად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება.
ფუნდამენტურად იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესები და ფორმა. შემოთავაზებული ცვლილებებით, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა ცხრამდე მცირდება. პარლამენტისადმი წარსადგენ კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელშიც დარგის სპეციალისტები შევლენ. კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატი წარედგინება, წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი სახალხო დამცველი ირჩევს.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე გახდა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების და სერიოზული დებატების საგანი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არასამთავრობოთა საკანონმდებლო ინიციატივას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელის დაქვემდებარების და "ჯიბის ტელევიზიად" ქცევის მცდელობად აფასებს.