ანსამბლმა

ანსამბლმა "ერისიონმა" კრემლში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით 12 000 დოლარი აიღო

ანსამბლმა "ერისიონმა" კრემლში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით 12 000 დოლარი აიღო, - ამის შესახებ ანსამბლის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა . 

მისივე ინფორმაციით, ქართულ მხარეს "ერისიონის" ტურნე არ დაუფინანსებია. ჭკუასელის განმარტებით, 2003 წლის შემდეგ მისი ანსამბლის დაფინანსება ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე დანარჩენი სახელმწიფო ანსამბლების.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იღებდა თუ არა "ერისიონი" ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას, ჭკუასელმა განაცხადა, რომ პირადად ის უკვე მესამე წელია იღებს ხელფასს, თუმცა, ანსამბლის სხვა ხელმძღვანელები და დანარჩენი წევრები ბიძინა ივანიშვილისგან ხელფასს არ იღებენ.

ჭკუასელმა კრემლში გამართული კონცერტის შესახებაც ისაუბრა. "კრემლში გამართული კონცერტი იყო ქართული ხალხური შემოქმედების ზეიმი და არა "ერისიონის" ზეიმი. საკუთარ შემოქმედებაზე ამდენს ვლაპარაკობთ და მეასედსაც არ ვამბობ, რაც იქ ხდებოდა. დღეს სხვა გზა არ დამიტოვეს. დამსწრენი ამბობდნენ, რომ ორი საათი სამოთხეში ვიყავითო", - განაცხადა ჭკუასელმა.

მისივე თქმით, კრემლში კონცერტის გამართვა მას უხერხულობას არ უქმნიდა, რადგან ისინი არ ჩასულან პოლიტიკოსებთან, კრემლის საკონცერტო დარბაზი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ჩვენ ვართ გამიჯნული პოლიტიკისგან და ვართ მსახიობები. მე ვიცი, რომ ხალხი არაფერს შუაში არ არის არასოდეს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხისთვის ვიყოთ სასარგებლო და არა რომელიმე პოლიტიკანისთვის. როცა საუბარია ღალატზე, კარგად უნდა დაფიქრდნენ ვიზე საუბრობენ. მე და ბურჭულაძე მოღალატეები არ ვართ, რადგან ჩვენი შემოქმედება რუსეთში გავიტანეთ", - აღნიშნა ჭკუასელმა.

ამასთან, ჯემალ ჭკუასელი გამორიცხავს, რომ კრემლში "ერისიონის" მიერ გამარული კონცერტების წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი მისივე კოლეგების მხრიდან ყოფილიყო ინსპირირებული.