პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ევროპის სახალხო პარტიის" წევრ ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, სიცრუეზე დაფუძნებულ განცხადებებზე ხელმოწერისგან თავი შეიკავონ .
ბიძინა ივანიშვილისადმი 6 მარტის მიმართვის ხელმომწერ ევროპარლამენტის 23 წევრს საპასუხო განცხადებით დავით უსუფაშვილმა მიმართა. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მალე მათ ამ განცხადების გამო შერცხვებათ. "ინტერპრესნიუსი" უსუფაშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"პატივცემულო ევროპარლამენტარებო, მე საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ვარ. პარტიისა, რომელიც 1978 წელს შეიქმნა იატაკქვეშეთში და არალეგალური მეთოდებით ცდილობდა საბჭოთა საქართველოს მოსახლეობაში თავისუფლებისადმი და, მაშასადამე, ევროპისადმი ლტოლვის გაღვივებას. პარტიის დამფუძნებლებმა, რომლებიც დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერთა შორის არიან, მრავალი წელი გაატარეს საბჭოთა "გულაგებში" ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ნატოში გაწევრიანების იდეების პროპაგანდისათვის. ესეც მაძლევს მორალურ უფლებას, მოგმართოთ პირდაპირ და მოურიდებლად.
თქვენი 6 მარტის წერილით კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილისადმი, რომლითაც თითქოს საქართველოს ევროპული არჩევანის გადარჩენას ცდილობთ, სინამდვილეში თავად შორდებით ევროპას. იმ ევროპას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, რომელზეც ჩვენ ვოცნებობთ და რომლისკენაც ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ სიტყვითაც (იხილეთ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაკეთებული არაერთი განცხადება და რეზოლუცია) და საქმითაც (იხილეთ ევროკომისიისა და ნატოს სათანადო თანამდებობის პირების ანგარიშები ბოლო ოთხ თვეში მიღწეული შედეგების თაობაზე).
მე რამოდენიმე თქვენგანისთვის პირადად არერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ - დაგვიწესეთ უმაღლესი ევროპული სტანდარტები და განგვსაჯეთ ამ სტანდარტების მიხედვით. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება პოსტ-კომუნიზმისგან თავის დასაღწევად. მაგრამ ამ სტანდარტების მეტრად სააკაშვილს და მის რეჟიმს ნუ დაგვისახავთ, ეს ევროპის შეურაცხყოფაა...
თუ საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვა პრეზიდენტისადმი არ წაგიკითხავთ და ისე გააკეთეთ თქვენი განცხადება, ეს ცალკე პრობლემაა. მაგრამ თუ გაეცანით მას, მაშინ სად ნახეთ მუქარა და ბრბოს მისევა პრო-ევროპული ძალებისადმი? კონსტიტუციიდან დემოკრატიისთვის უპრეცედენტო ნორმის (პრეზიდენტის უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე შექმნას ახალი მთავრობა) ამოღებისკენ მოწოდება მუქარაა თუ კონსტიტუციის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მცდელობა? ვინც ეს ნორმა ჩაწერა კონსტიტუციაში ჯერ კიდევ 2004 წელს და ეხლა მის გაუქმებას ეწინააღმდეგება, ისინი პრო-ევროპელები არიან თუ საბჭოური ავტორიტარიზმის ღირსეული გამგრძელებლები? მითითება იმაზე, რომ საზოგადოება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე პარლამენტის თითოეული წევრის პოზიციას სათანადოდ დააფასებს და შეაფასებს, ხალხის ბრბოდ ქცევას ემსახურება თუ პოლიტიკური ძალების ხალხისადმი ანგარიშვალდებულებას?
საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ასეულათასიანი რამდენიმე დემონსტრაცია ისე ჩაატარა, რომ ერთი ფანჯარა არსად ჩამტვრეულა და რომელიც ძალადობის, წამების და ელიტური კორუფციის სახელმწიფო სისტემის შემქმნელების დასჯას ითხოვს, თქვენი შეფასებით ბრბოა? შეგიძლიათ მიგვითითოთ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა ვინმეს ძალადობისკენ მოუწოდა ან უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა? სინამდვილეში ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ხომ არ არის ავტორი საზოგადოების შეურაცხმყოფელი და გამთიშველი გამონათქვამებისა, როგორიცაა "მუმიები", "ჩასარეცხები", "კრემლის აგენტები", "გასანადგურებელი კლასი", "სახელმწიფოს მტრები" და სხვა? ურჩი პარალმენტის წევრების (გელაშვილი 2005 წელს, დავითაშვილი 2007 წელს) სასიკვდილოდ გამეტებით სააკაშვილი ევროპისკენ მიმავალ კარს ფართოდ აღებდა და ამ საქმეების გამოძიების დაწყებით ახალი მთავრობა ამ კარებს ხურავს?
თუ ესაა დემოკრატიის თქვენეული სტანდარტები და ამგვარ სტანდარტებზე დაფუძნებულ ევროპაზე გვესაუბრებით, ჩვენ ასეთ ევროპას ნამდვილად არ ვიცნობთ და არც ასეთი ევროპისკენ მივდვართ. თქვენი წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულებისთვის ევროპაში ცხოვრების ფაქტი არ კმარა. თქვენ ევროპაში ცხოვრობთ, მაგრამ სააკაშვილის პოლიციური რეჟიმისთვის მხარდაჭერით, თავად ემიჯნებით ევროპას. ამით თავად ევროპას ალბათ ბევრს ვერაფერს დააკლებთ, მაგრამ ჩემი პატარა ქვეყანა კი შესაძლოა ამგვარი "ევროპელების" მორიგი მსხვერპლი გახდეს...
ამიტომ, ბატონო ევროპარლამენტარებო ევროპის სახალხო პარტიიდან, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სიცრუეზე დაფუძნებულ მსგავს განცხადებებზე ხელმოწერისგან. ამის გამო მალე თავადვე შეგრცხვებათ. ისევე, როგორც ალბათ უკვე რცხვენიათ თქვენს თანაპარტიელებს, ვინც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას "შეშფოთება" გამოათქმევინა საქართველოში არჩევნების შემდეგ ტელეკომპანიის მესაკუთრის ცვლილების გამო და მხოლოდ შემდეგ გაარკვიეს, რომ თურმე სააკაშვილის მიერ 2007 წელს დარბეული, მესაკუთრისთვის წართმეული და მისი ადმინისტრაციის უფროსისთვის გადაცემული ტელეკომპანია "იმედი" დაუბრუნებია კანონიერ მესაკუთრეს.
მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოახერხა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბევრის დაშანტაჟება და მათი პოლიტიკური მომავლის საკუთარ საეჭვო პოლიტიკურ მომავალთან სრულად დაკავშირება. უფრთხილდით მას, ნუ დარჩებით სტერეოტიპების ტყვეობაში, დარჩით ევროპელები!..
P.S. შესაძლოა ჩემმა სიტყვებმა გაგაღიზიანათ. მაგრამ მერწმუნეთ, თქვენი თუ ჩემი გაღიზიანება მოსატანიც არ არის "ქართული ოცნების" იმ ათასობით აქტივისტი ახალგაზრდის ტკივილთან, რომლებსაც შეცდომაში შეყვანილმა თქვენმა ლიდერმა ბატონმა მარტენზმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებისთვის მტვერსასრუტებისა და მაცივრების დარიგება დააბრალა ბრიუსელიდან... მოდით, ყველამ როგორმე ისე მივაღწიოთ ჩვენს პარტიულ ამოცანებს, რომ ამ ახალგაზრდებს სიმართლესა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ევროპის რწმენა არ შევურყიოთ", _ აღნიშნულია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.