თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაცია თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს , თუმცა აცხადებს, რომ "კონკრეტულ პოზიციებთან დაკავშირებით" შრომითი ურთიერთობების გადახედვა მართლაც მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნნიუსს" თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ეს ფაქტი თეატრში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებით არის განპირობებული.
"თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაცია ეხმაურება ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებულ თემას, რომელიც შეეხება თეატრის თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლებას რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებრიობისთვის ცნობილია, მიმდინარეობს თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს შრომითი ურთიერთობების გადახედვა კონკრეტულ პოზიციებთან დაკავშირებით რაც, ცხადია, არ გულისხმობს თანამშრომელთა მასიურ დათხოვნებს", - აცხადებენ თეატრში.
ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახური 19-მა თანამშრომელმა დატოვა.
"თეატრის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომლს გაწეული შრომისთვის და იმედოვნებს, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რეკონსტრუქციის დასრულების შემდგომ, თეატრი თქვენთვის კვლავაც ერთგული მეგობარი და სახელოვნებო კერა იქნება", - აღნიშნავენ თეატრში.