სასამართლო ვალდებული ხდება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში, განჩინების ასლი გასაჩივრების უფლების მქონე პირს გადასცეს. ამ შემთხვევაში საუბარია ბრალდებულზე, ან მესამე პირზე, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება ასეთი განჩინებით შეილახოს და მათ ადვოკატებზე.
შესაბამისი ცვლილებები მთავრობის ინიციატივით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შედის, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
მოქმედი კოდექსი სასამართლოს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების ასლის გასაჩივრების უფლების მქონე პირისთვის გადაცემას არ ავალდებულებს. ამასთან დაკავშირებით კოდექში მხოლოდ ის წერია, რომ სასამართლოს განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საჩივრდება კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება მისი გაცემიდან ან აღსრულებიდან.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, სასამართლოს განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ უნდა გადაეცეს გასაჩივრების უფლების მქონე პირს მისი გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება შეუძლიათ ბრალდებულს, პირს, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ამგვარი განჩინების შედეგად, აგრეთვე მათ ადვოკატებს. განჩინების გასაჩივრების ვადა უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემის მომენტიდან აითვლება.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, სასამართლოს ეკისრება ვალდებულება სხდომის ოქმი სხდომის გადადების შემთხვევაშიც მოამზადოს.