საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონი ავღანეთში ISAF-ის მისიას ასრულებს. ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებენ.
სოფელ შაბანში გეგმიური ქვეითი პატრულირებისას, ქართველმა სამშვიდობოებმა რამდენიმე საეჭვო შენობა გაწმინდეს. სოფელში გადაადგილებისას ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ გლეხსაც გაესაუბრნენ. მისი განცხადებით, ინტენსიური პატრულირება სოფლებში ამბოხებულებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას უზღუდავს და მოსახლეობაც უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
ქვეითი პატრულის ბაზაზე დაბრუნებისას, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი გამოქვაბულიდან ქართველ ჯარისკაცებს მცირე კალიბრიანი იარაღიდან პირდაპირი ცეცხლი გაუხსნეს. სავარაუდო ცეცხლის მიმართულების დადგენის შემდეგ, ბრძოლაში ჩართვის წესების შესაბამისად, ქართველმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმე წუთიანი ინტენსიური სროლების შედეგად, ამბოხებულებმა საცეცხლე პოზიციები დატოვეს და მიიმალნენ.
პატრულირებისას ქართველი სამშვიდობოები ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად ესაუბრებიან. სოფელ ომალში გადაადგილებისას, I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა ე.წ. „შურაზე“ (სოფლის უხუცესთა საბჭო) ადგილობრივებთან საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადეს ბოლოდროს ცატარებული წარმატებული ოპერაციებისთვის, რომლის შედეგადაც თალიბები ადგილობრივ მოსახლეობას იმდენად აღარ აწუხებენ. შეხვედრის დროს ომალის მოსახლეობამ, მე-12 ბატალიონის ჯარისკაცებს ავღანეთის მთავრობასთან შუამდგომლობაც სთხოვა. მათი მთავარი პრობლემა სასმელი წყლის სიმცირე და სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის საჭირო სასუქის ნაკლებობაა.
ადგილობრივები ასევე, მიესალმებიან ქართული კონტინგენტის ძალისხმევას სამედიცინო დახმარების კუთხით. როგორც უხუცესები აღნიშნავენ, საჭიროების შემთხვევაში ქართველი სამხედროები ხშირად აწვდიან მათ სხვადასხვა აუცილებელ მედიკამენტებსაც.
“შურას” დასრულების შემდეგ, ქართველმა სამშვიდობოებმა სოფლის მცხოვრებლებსა და ბავშვებს ტკბილეული, საკანცელარიო და პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგეს.