აშშ–ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ხვალ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ მრგვალ მაგიდას დაეწრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, კონფერენციის ძირითადი თემებია - პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, სფეროში დაგროვილი ცოდნის გაზიარება და პარტიათა დაფინანსების მოდელები, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და ქალთა მონაწილეობა, აგრეთვე პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის წახალისება.
დიალოგის შედეგად მრგვალი მაგიდის მონაწილეები პოლიტიკურ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის წარმომადგენლების, საერთაშორისო დონორებისა და დონორი ორგანიზაციების, ასევე ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.
კონფერენცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის ერთობლივი ღონისძიებაა.
"აშშ–ის მთავრობა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, მხარს უჭერს რამდენიმე პროექტს, რომელთა მიზანი პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობაა", - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.